აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს
აშშ-ის კონგრესში სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების დამგმობი რეზოლუცია წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
რეზოლუციის (H. Res. 1030) სპონსორია კონგრესმენი ფრანცის რუნი (რესპუბლიკელი-ფლორიდის შტატი). დოკუმენტს ამ ეტაპზე ჰყავს ექვსი თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან.
რეზოლუცია საქართველოსადმი აშშ-ის უპირობო და ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა.
დოკუმენტში კიდევ ერთხელ ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლინობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა და დაგმობილია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“/ცხინვალის – ოკუპაცია.
“ვგმობთ რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფოს – სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას”, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუცია ხაზს უსვამს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ გაწეულ მნიშვნელოვან წვლილს და ევრაზიის კონტინენტზე მშვიდობის გავრცელებისა და დემოკრატიის უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს საიმედო პარტნიორობას.
დოკუმენტის ტექსტში ყურადღება გამახვილებულია აშშ-სა და მისი პარტნიორების მხრიდან რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ექსპანსიის აღკვეთის საჭიროებაზე.
რუსეთის ფედერაცია, დასავლეთისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევების აღკვეთის მიზნით, გამოიყენებს ისეთ არშემდგარ სახელმწიფოებს, როგორიც სირიის არაბული რესპუბლიკაა, რათა განახორციელოს მისი გეოპოლიტიკური დღის წესრიგი და მის (რუსეთის ფედერაციის) მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს შესძინოს სანდოობა“, – ნათქვამია რეზოლუციაში.