აშშ-ის კონგრესი ბირთვული თავდასხმის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს
აშშ-ის კონგრესი, ბოლო 40 წლის განმავლობაში პირველად, ბირთვული თავდასხმის დაწყების შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხს განიხილავს. მოსმენას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი აწარმოებს.
ზოგიერთი სენატორი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ პრეზიდენტმა, შესაძლოა, უპასუხისმგებლოდ გადაწყვიტოს ბირთვული შეტევის დაწყება. დანარჩენები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებას მსგავსი გადაწყვეტილების მიღება კანონმდებლების ჩარევის გარეშე უნდა შეეძლოს. ბოლოს, მსგავსი შინაარსის განხილვა კონგრესში 1976 წლის მარტში გაიმართა.
აგვისტოში დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ „ცეცხლითა და მახვილით“ მოევლინებოდა ჩრდილოეთ კორეას და თუ ისინი ატომური იარაღის პროგრამას შეაჩერებდნენ, ისეთი ფორმით დასჯიდა, როგორიც სამყაროს ჯერ არ უნახავს.
გასულ თვეს კი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკელმა თავმჯდომარემ, სენატორმა ბობ კორკემ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უპასუხისმგებლო განცხადების გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ტრამპმა აშშ მესამე მსოფლიო ომის გზაზე დააყენა.