აშშ კატარის მოქალაქეებისთვის პირველი დეკემბრიდან უვიზო რეჟიმს აამოქმედებს
აშშ-ში განაცხადეს, რომ კატარი მიიღეს უვიზო რეჟიმის პროგრამაში, რაც კატარის მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, 90 დღემდე პერიოდით, სავიზო პროცედურების გარეშე ესტუმრონ აშშ-ს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, უვიზო რეჟიმი პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება.
„კატარის მიერ უვიზო რეჟიმის პროგრამის მკაცრი უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილება გააღრმავებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
პროგრამაში მისაღებად ვაშინგტონი ითხოვს, ქვეყნებმა დააკმაყოფილონ მოთხოვნები, რომლებიც ეხება ტერორიზმთან ბრძოლას, სამართალდამცავ ორგანოებს, იმიგრაციულ საკითხებს, უსაფრთხოებისა და საზღვრის მართვის სფეროებს. კატარი არის პროგრამის 42-ე წევრი. პროგრამა ითვალისწინებს, რომ ქვეყნებმა ასევე უნდა მისცენ აშშ-ის მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობა. ამჟამად აშშ-ის მოქალაქეებს შეუძლიათ, გაემგზავრონ კატარში უვიზოდ, თუმცა პირველი ოქტომბრიდან მათ შესაძლებლობა ექნებათ, 30 დღის ნაცვლად, ქვეყანაში 90 დღემდე დარჩნენ.