ამერიკის შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„დღეს ჩვენ ვწყვეტთ ჩვენს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან“, – აღნიშნა აშშ-ის ლიდერმა.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის განკუთვნილი თანხა გადაამისამართა სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გლობალურ ჯანდაცვაზე.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსის გლობალური პანდემიის პროვოცირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, რასაც მისი თქმით, 100 ათასზე მეტი ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჩინეთმა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოს შეცდომაში შესაყვანად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე მოახდინა ზეწოლა.