აშშ, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი კიევს დამატებით ხუთ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემენ
აშშ, იტალია, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი კიევს დამატებით ხუთ საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემენ.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრის, დიკ შუფის, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის, იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის, რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
„ჩვენ მზად ვართ, უკრაინას დამატებითი საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები გადავცეთ, რადგან უკრაინა იცავს საკუთარ თავს რუსეთის მუდმივი აგრესიისგან, მათ შორის, რუსეთის მიზანმიმართული თავდასხმებისგან უკრაინის ქალაქებზე, სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. დღეს ჩვენ ერთობლივად ვაცხადებთ, რომ უკრაინას გადავცემთ დამატებით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის, დამატებით „პეტრიოტის“ დანადგარებს და მის კომპონენტებს. ეს ხუთი სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის სისტემა დაეხმარება უკრაინას ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჯარისკაცების დაცვაში. ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის მთავრობასთან, რომ ამ სისტემების სწრაფად გამოყენება იყოს შესაძლებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.