აშშ ისრაელს საბრძოლო მასალას და სპეციალურ აღჭურვილობას გაუგზავნის. ამის შესახებ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სწრაფად მიაწვდის ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობას, მათ შორის საბრძოლო მასალის რესურსებს“, – ნათქვამია ოსტინის განცხადებაში.
ასევე, როგორც ცნობილია, „ჰამასის“ თავდასხმების საპასუხოდ აშშ გააძლიერებს ამერიკულ ძალებს ახლო აღმოსავლეთში.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს, დაშავებულთა რიცხვი კი ამ დროისთვის 2 200-ს აღემატება.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 413 ადამიანი დაიღუპა და 2 300 დაიჭრა.
7 ოქტომბერს, გამთენიისას ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.