აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მთავრობის დროებითი დაფინანსების პროექტი წარადგინა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა მთავრობის დროებითი დაფინანსების პროექტი წარადგინა ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად. დროებითი დაფინანსების პროექტი სამთავრობო სტრუქტურების ნაწილის – 19 იანვრამდე, ნაწილის კი 2 თებერვლამდე დაფინანსებას ითვალისწინებს.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ კანონპროექტს სამშაბათს დაამტკიცებენ. რესპუბლიკელების მიერ წარდგენილი დროებითი ბიუჯეტის პროექტი არ ითვალისწინებს ისრაელის ან უკრაინის დაფინანსებას.
კონგრესი მთავრობის დაფინანსების პროექტზე პარასკევამდე უნდა შეთანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას მუშაობის შეჩერება ანუ ე.წ. შათდაუნი ემუქრება. ეს კი ნიშნავს, რომ ოთხ მილიონამდე ფედერალური დასაქმებულისთვის ანაზღაურების გადახდა შეფერხდება.
რესპუბლიკელების კანონპროექტი გააკრიტიკეს თეთრ სახლში. როგორც კარინ ჟან-პიერის განცხადებაშია ნათქვამი, საკანონმდებლო ინიციატივა არის „მხოლოდ რეცეპტი მეტი რესპუბლიკური ქაოსისთვის და მეტი შათდაუნისთვის“. თეთრი სახლის პრესსპიკერის შეფასებით, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები ფლანგავენ ძვირფასს დროს არასერიოზული ინიციატივებით, რომლებიც ორივე პარტიის წევრთა კრიტიკას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაამტკიცა 45-დღიანი დროებითი ბიუჯეტი, რამაც ქვეყანას თავიდან ააცილებინა მთავრობის მუშაობის შეჩერება.