აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ხუთშაბათს ვაშინგტონში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა ხუთშაბათს ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ უკრაინული რედაქცია ავრცელებს.
ვაშინგტონში ზელენსკის ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და კონგრესის წევრებთან აქვს შეხვედრა დაგეგმილი.
„მე არ მგონია, რომ ქალაქში ვიქნებით ხუთშაბათს. ჩვენი სხდომების განრიგი შეიცვალა. ყველაფერი ძალიან მიმდინარეა. მექსიკის ყურის სანაპიროს ქარიშხალი უახლოვდება. ბევრი ჩვენგანი სახლში ბრუნდება ამის გამო. ასე რომ, ჯერჯერობით არ ვარ დარწმუნებული“, – თქვა ჯონსონმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის ოფისმა „ამერიკის ხმის“ რედაქციას კონგრესის განრიგის ცვლილებების შესახებ შეატყობინა. კერძოდ, მიმდინარე თვის ბოლო კენჭისყრები კონგრესში 25 სექტემბერს არის ჩანიშნული, რის შემდეგაც კონგრესმენები და სენატორები თავიანთ ოლქებში მიემგზავრებიან უამინდობის გამო.