აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების გამოყოფის საკითხები უნდა გაიმიჯნოს და ცალ-ცალკე განიხილონ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი აცხადებს, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების გამოყოფის საკითხები უნდა გაიმიჯნოს და ცალ-ცალკე განიხილონ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარების გამოყოფის საკითხები უნდა გაიმიჯნოს და ცალ-ცალკე განიხილონ.

როგორც „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სპიკერმა განაცხადა, წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებში არის კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საკითხები გაიმიჯნოს. ჯონსონის თქმით, მან ამის შესახებ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას აცნობა.

ბაიდენი კონგრესს 106 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფას სთხოვს, საიდანაც დიდი ნაწილი უკრაინის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს, დანარჩენი კი – ისრაელის დახმარებას, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მხარდაჭერას და საზღვრის დაცვის გაძლიერებას.

უკრაინის დაფინანსებაზე საუბრისას მაიკ ჯონსონმა განაცხადა: „ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი“.

მისი თქმით, თეთრ სახლს რესპუბლიკელებისთვის ეს არ წარმოუდგენია.

„ისრაელი არის ცალკე საკითხი. ჩვენ ვაპირებთ, ცალკე წარვადგინოთ ისრაელის დაფინანსება 14 მილიარდი დოლარის ოდენობით“, – განაცხადა ჯონსონმა ინტერვიუში და აღნიშნა, რომ წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ისრაელის დასახმარებლად თანხების უზრუნველსაყოფად სხვა სფეროების დაფინანსების შემცირებას განიხილავენ.

ბაიდენის მიერ მოთხოვნილი პაკეტში ისრაელის თავდაცვისთვის – 14.3 მილიარდი დოლარი, უკრაინისთვის კი 61 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.