აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა დონალდ ტრამპის შვიდი წლის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვიდი წლის საგადასახადო დეკლარაციები გამოაქვეყნა. აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროებას დონალდ ტრამპი რამდენიმე წლის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა.
„ბიბისის“ ცნობით, აღნიშნული დოკუმენტები 2015-2020 წლებს მოიცავს და ტრამპის ქონების, მისი კომპანიების ნაწილის შემოსავლების თუ დანაკარგების შესახებ ახალ ინფორმაციას იძლევა. დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ ტრამპმა პრეზიდენტობისას უმნიშვნელო გადასახადები გადაიხადა, რის მიზეზადაც მისი კომპანია ბიზნესის დანაკარგებს ასახელებდა.
კერძოდ, ირკვევა, რომ დონალდ ტრამპს არ გადაუხდია ფედერალური გადასახადები 2020-ში, თავისი პრეზიდენტობის ბოლო წელს, ხოლო 2016 და 2017 წლებში მან მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა. ამასთან, 2018 წელს ტრამპს გადახდილი აქვს მილიონ დოლარამდე.
ამას გარდა, დოკუმენტები აჩვენებს, რომ 2015-2017 წლებში მას ჰქონდა საბანკო ანგარიშები ირლანდიაში, დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთში.
ყოფილმა პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის მიერ მისი დეკლარაციების გამოქვეყნება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს აშშ-ში პოლიტიკურ განხეთქილებას. მისი თქმით, დოკუმენტები აჩვენებს, რამდენად წარმატებულად გამოიყენა მან დაბრუნებული გადასახადები ათასობით სამუშაო ადგილის, ასევე სტრუქტურებისა და საწარმოების შესაქმნელად.