აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებაზე კენჭისყრა გაიმართა
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში მთავრობის მუშაობის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრა გაიმართა.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ რიგი ფედერალური დეპარტამენტების დაფინანსებას მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად წარმომადგენელთა პალატამ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ბიუჯეტი 2019 წლის 8 თებერვლამდე დაამტკიცა. ამ ხნის განმავლობაში კი კონგრესმა შტატებში არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით კომპრომისს უნდა მიაღწიოს.
აღნიშნული დეპარტამენტი რამდენიმე კვირის განმავლობაში ტრამპსა და კონგრესს შორის არსებული დავის გამო დროებით დახურული იყო.
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და კრიმინალი ქვეყანაში სწორედ მექსიკის საზღვრის საშუალებით ვრცელდება, ამიტომ პრეზიდენტი ბიუჯეტში დამატებით ხუთი მილიონი დოლარის გამოყოფას ითხოვს, რაც მექსიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვარზე კედლის აშენებას მოხმარდება.
წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის მოთხოვნა დააკმაყოფილა და შესაბამისი ბიუჯეტი მიიღო, თუმცა სენატში მყოფი დემოკრატები მის წინააღმდეგ გამოვიდნენ.
კანონის თანახმად, კი ბიუჯეტთან დაკავშირებით არსებულ კანონს მხარი ზედა პალატის 60-მა წევრმა მაინც უნდა დაუჭიროს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკელებთან ერთად, რომლებიც სენატში უმრავლესობაში არიან, ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი დემოკრატების გარკვეულმა ნაწილმაც უნდა დაუჭიროს.
ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით შექმნილი გართულების გამო, რამდენიმე კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ დროებით მუშაობა შეაჩერა.