აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა - უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების გაძლიერების საჭიროება საქართველოზე, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთსა და მოლდოვაზე ფოკუსირებით
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა 2024 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი და ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნა.
ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტი 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა.
წარმომადგენელთა პალატაში მას 310-მა კონგრესმენმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 118 იყო, მათ შორის 45 დემოკრატი და 73 რესპუბლიკელი.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის კანონპროექტი ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში 300 მილიონი დოლარის გამოყოფას, უკრაინის დახმარებისთვის სპეციალური ინსპექტორის ოფისის შექმნას, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტსა და გამოძიებას. დოკუმენტში ასევე საუბარია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, აშშ-ის ინტერესებშია, რომ ნატო-მ მიიღოს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული სტრატეგია. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით.
მანამდე დოკუმენტი აშშ-ის სენატმა დაამტკიცა.