აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ლიმიტის გაზრდას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 314-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტი ახლა სენატის გადაწყვეტილებას ელოდება. სენატში კანონპროექტი უახლოეს დღეებში შევა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ში დეფოლტის თავიდან ასაცილებლად კონგრესის ორივე პალატა ეროვნული ვალის ზღვრის გაზრდას 5 ივნისამდე უნდა დათანხმდეს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტნიმ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1,5 ტრილიონი აშშ დოლარით შეამცირებს.

მედიის ცნობით, აშშ-ის დეფოლტი იქნება უპრეცედენტო მოვლენა, რომელმაც შეიძლება, გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. აშშ-ის მთავრობის ვალის ლიმიტი ამჟამად 31,4 ტრილიონი დოლარია, რომელიც უკვე ამოწურულია, ამიტომ ხაზინა იძულებულია, გამოიყენოს კაპიტალის რეზერვები გადასახადებისთვის.