აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაცია კონგრესის ქვედა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

წარმომადგენელთა პალატის უკმაყოფილება მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას და რეგიონში საგანგებო მდგომარეობის არსებობას უკავშირდება. ისინი ითხოვენ, რომ აშშ-ის და მექსიკის საზღვართან არსებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდეს.

პარალელურად 20-მა შტატმა სასამართლოს შუამდგომლობით დონალდ ტრამპის მიერ კედლის ასაშენებლად რესურსების გამოყენებაზე სასამართლო აკრძალვის დაწესება მოითხოვა.

2018 წლის 21 დეკემბერს აშშ-ის კონგრესმა ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც არ ითვალისწინებდა თეთრი სახლის ლიდერის მოთხოვნას, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებისთვის 5,7 მილიარდი დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის და დემოკრატი კონგრესმენების დაპირისპირებამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ გამოიწვია. აშშ-ის მთავრობას ნაწილობრივ მუშაობა 35 დღით ჰქონდა შეჩერებული.

პრეზიდენტის შემდეგი ნაბიჯი კი, რეგიონში საგანგებო მდგომარეობის შემოღება იყო, რომლის საშუალებითაც დონალდ ტრამპი კედლის აშენებას კონგრესის გვერდის ავლით ცდილობს.