წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის შედეგად აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარი 232 კონგრესმენმა დაუჭირა, 197 კი წინააღმდეგი წავიდა.
ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეთა შორის ათი რესპუბლიკელი იყო.
დემოკრატების მიერ წარდგენილი რეზოლუციის მიხედვით, აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტს 6 იანვარს კონგრესზე თავდასხმის წაქეზებაში ადანაშაულებენ. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
დემოკრატები აცხადებენ, რომ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენის უფლება არ აქვს. ამ მოთხოვნას ეთანხმება რესპუბლიკელთა ნაწილიც.
აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედ პრეზიდენტს, ერთი ვადის განმავლობაში, მეორედ გამოუცხადეს იმპიჩმენტი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილება შვიდ დღეში იწურება. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს არის დაგეგმილი.
როგორც ცნობილია, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა სენატში სავარაუდოდ 19 იანვრამდე არ გაიმართება.