აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნის სენატისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში საბრალდებო დასკვნის სენატისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა. ამგვარად, კონგრესის ზედა პალატაში იმპიჩმენტის პროცესი მომავალი კვირიდან დაიწყება.
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში მესამე პრეზიდენტია, რომლის წინააღმდეგაც იმპიჩმენტის პროცესი განხორციელდება.
დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დემოკრატებმა 2019 წლის ბოლოს დაიწყეს. ოპონენტები ტრამპს უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკიზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტრამპმა პოლიტიკური გავლენა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა და ზელენსკის 2020 წელს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.
გარდა ამისა, დემოკრატები ტრამპს იმპიჩმენტის პროცესში კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.
დეკემბრის ბოლოს წარმომადგენელთა პალატამ, სადაც „დემოკრატიულ პარტიას“ უმრავლესობა აქვს, ტრამპის იმპიჩმენტს მხარი დაუჭირა.
თავად ტრამპი ბრალდებას უარყოფს და იმპიჩმენტის პროცესს „პოლიტიკურად მოტივირებულ კუდიანებზე ნადირობას უწოდებს.“
როგორც ვარაუდობენ, სენატი, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ტრამპს გაამართლებს.