აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, უკრაინის დახმარების შესახებ პაკეტზე კენჭისყრის გარეშე, თებერვლის ბოლომდე არდადეგებზე წავიდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, უკრაინის დახმარების შესახებ პაკეტზე კენჭისყრის გარეშე, თებერვლის ბოლომდე არდადეგებზე წავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა, უკრაინის დახმარების შესახებ პაკეტზე კენჭისყრის გარეშე, თებერვლის ბოლომდე არდადეგებზე წავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გამოცემა The Hill-ი ავრცელებს.

სენატმა კანონპროექტი, რომელიც უკრიანის, ისრაელისა და ტაივანის დახმარებას, ასევე საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს, სამშაბათს დაამტკიცა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ მას კენჭისყრაზე არ გაიტანს.

კონგრსის ქვედა პალატა არდადეგებზე 28 თებერვლამდე გავიდა. პაკეტის განხილვის გარეშე წარმომადგენელთა პალატის წევრების შვებულებაში გასვლის გამო უკმაყოფილება გამოთქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ენდრიუ ბეიტსმა.

„თითოეულ დღეს, როდესაც სპიკერი ჯონსონი ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების გაუარესებას იწვევს, ამერიკა მარცხდება. თითოეულ დღეს, როდესაც ის აყოვნებს კენჭისყრას, ამერიკელი ხალხის მხრიდან კონგრესის რესპუბლიკელების მხარდაჭერა ეცემა“, – წერს ბეიტსი.

თავის მხრივ, სპიკერ მაიკ ჯონსონის წარმომადგენელი ბაიდენის ადმინისტრაციას პრეზიდენტთან შეხვედრის თხოვნაზე უარის გამო აკრიტიკებს.

„ჩვენ მიმართ კრიტიკა არასერიოზულია. პრეზიდენტი, რომელმაც თანამდებობაზე დამტკიცებიდან შვებულებაში ერთ კალენდარულ წელზე მეტი გაატარა, სპიკერთან შეხვედრაზეც კი უარს აცხადებს“, – განაცხადა მაიკ ჯონსონის პრესმდივანმა, ტეილორ ჰოლსიმ.

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების ზომები, რომლებსაც სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ითვალისწინებს, არასაკმარისია.