აშშ-ის ვიზის მისაღებად სოციალური ქსელების ანგარიშების წარდგენა იქნება საჭირო
ამერიკის შეერთებული შტატების ვიზის მისაღებად სოციალური ქსელების ანგარიშების წარდგენა იქნება საჭირო. როგორც „ბიბისი“ იუწყება, სიახლე ივნისიდან ამოქმედდა. ამიერიდან აშშ-ში გასამგზავრებლად საჭირო ვიზის მისაღებად მოქალაქემ საელჩოს თანამშრომლებს სოციალურ ქსელში მისი გვერდის მისამართი უნდა წარუდგინოს. თუ აპლიკანტი მოიტყუება, მან შესაძლოა ვიზა ვერ მიიღოს.
ამას გარდა, აშშ-ის ვიზის მისაღებად საჭიროა ბოლო ხუთიწლის განმავლობაში გახსნილი ელექტრონული ფოსტის მისამართების წარდგენა.
სიახლე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შემოიღეს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, „ბოლო წლებში სოციალური ქსელები ტერორისტული აქტივობის მნიშვნელოვან მოედნად გადაიქცა.“
„ჩვენ მუდამ ვმუშაობთ, რათა მონიტორინგის სისტემა დავხვეწოთ და დავიცვათ აშშ-ის მოქალაქეები“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
ტრამპის ადმინისტრაცია აღნიშნული ზომების შემოღების ინიციატივით 2018 წლის მარტში გამოვიდა.