აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე - საქართველოს მთავრობა ემორჩილება საერთაშორისო სანქციებსა და ექსპორტის კონტროლს
სასიამოვნოა იმის განცდა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მათ დავეხმაროთ, რომ საქართველო არ გახდეს შავი ხვრელი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა, არუნ ვენკატარამანმა „ბიემჯისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ემორჩილება და პატივს სცემს საერთაშორისო სანქციებსა და ექსპორტის კონტროლს.
კითხვაზე, რამდენად მუშაობს საერთაშორისო სანქციებზე რუსეთზე, არუნ ვენკატარამანმა განაცხადა, რომ ამერიკა ამაყობს იმ ძლიერი კოალიციით, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ძალისხმევით შედგა, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო აგრესიას უკრაინაში.
„ექსპორტის კონტროლი და სანქციები ამის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაოთ ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, საქართველოსთანაც, რათა რუსეთის ომის მანქანამ შეწყვიტოს მოქმედება“, – აღნიშნა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ.
არუნ ვენკატარამანის თქმით, ეს წინააღმდეგობა მუშაობს.
„ჩვენ გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ გავზრდით ფასს პუტინისთვის, რომელიც აგრძელებს ამ უკანონო აგრესიას. გვიხარია, რომ ჩვენს ძალისხმევას წარმატება მოაქვს. რუსეთის ომის მანქანა შენელებულია და, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის სიმამაცე და მედეგი წინააღმდეგობა ამ სურათის საკვანძო ნაწილია. ჩვენც მზად ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერი ფორმით, რაც ჩვენ შეგვიძლია, მათ შორის, ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების გზით ისეთ მეგობრებთან ერთად, როგორიც საქართველოა“, – აღნიშნა აშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ.