აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი საქართველოს შვიდ სახანძრო-სამაშველო მანქანას გადასცემს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, თავის მოადგილე ლევან ღირსიაშვილთან ერთად, აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალს – ტომას კარდენს და აშშ-ის თავდაცვითი თანამშრომლობის ოფისის დელეგაციის წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი ნინო ბარქაია და სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან გელაშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მუშაობის სტრატეგიაზე ისაუბრეს. თემურ მღებრიშვილმა ამერიკელ გენერალს უწყებაში უკვე განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესცენტრის ცნობით, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს საგანგებო სიტუაციების დროს სახელმწიფო სტრუქტურების მზაობის და გაძლიერების პროცესში მხარდაჭერა.
აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლების განცხადებით, უახლოეს მომავალში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ექვსი ახალი, მაღალი გამავლობის და ერთი სახანძრო ავტომობილი გადაეცემა, რაც მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება აღნიშნული სამსახურის ავტოპარკისთვის.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც გამოიხატება სხვადასხვა სახის სწავლებებისა და სემინარების ორგანიზებაში. აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი ასევე ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის განახლების პროცესში.
აშშ-ის ეროვნული გვარდიის გენერალმა – ტომას კარდენმა ქართველი მეხანძრე-მაშველები ჯორჯიის შტატში, ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით მიიწვია.