აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, „ალ-ქაიდა“ ავღანეთში დაბრუნებას ეცდება
აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, „ალ-ქაიდა“ ავღანეთში დაბრუნებას ეცდება. ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ აქვეყნებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, ექსტრემისტული დაჯგუფება „ალ ქაიდა“, ავღანეთიდან აშშ-ის ძალების გასვლისა და ხელისუფლებაში „თალიბანის“ მოსვლის შემდეგ, ქვეყანაში საკუთარი ძალების აღდგენას ეცდება.
მისი განცხადებით, აშშ-მა „თალიბანი“ გააფრთხილა, რომ არ დაუშვას „ალ-ქაიდას“ ან სხვა ტერორისტული დაჯგუფების არსებობა ავღანეთის ტერიტორიაზე. მიუხედავად საშიშროებისა, თავდაცვის მდივნის თქმით, ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან შესაძლო საფრთხის შემთხვევაში, აშშ მათ გასანეიტრალებლად სპარსეთის ყურეში ბაზირებულ საჰაერო ძალებს გამოიყენებს.
ამერიკელი ჩინოვნიკები მიიჩნევენ, რომ ისლამისტური დაჯგუფება ჯერ კიდევ ინარჩუნებს კავშირს „ალ-ქაიდასთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან. აღნიშნულის გამო, ბევრი ქვეყანა, მათ შორის სპარსეთის ყურის ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ „თალიბანის“ ავღანეთის ხელისუფლებაში მოსვლამ შესაძლოა ექსტრემისტული დაჯგუფებების აღორძინება და ტერორისტული თავდასხმების გახშირება გამოიწვიოს.
1996-2001 წლებში „თალიბანმა“ ექსტრემისტულ დაჯგუფებას თავშესაფარი მისცა, რის გამოც „ალ-ქაიდამ“ ავღანეთი საკუთარ ბაზად გამოიყენა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზებაში.