აშშ-ის თავდაცვის მდივანი - აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველყონ
აშშ-ის თავდაცვის მდივანი - აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველყონ

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ მოქალაქეების ქაბულის აეროპორტამდე უსაფრთხოდ მიყვანა უზრუნველყონ. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ლოიდ ოსტინის თქმით, მათ საჰაერო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა უწევთ.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რათა განვაგრძოთ კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა და შევქმნათ მათთთვის აეროპორტამდე მისასვლელი გზები. მე არ მაქვს იმის შესაძლებლობა, გარეთ გავიდე და გავახანგრძლივო ამჟამინდელი ოპერაცია ქაბულში“ – განაცხადა ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ამ დროისთვის ქაბულში 4 500-მდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება და „თალიბანთან“ შეტაკება არ მომხდარა. პარალელურად ღია რჩება „თალიბანის“ ლიდერებთან საკომუნიკაციო ხაზი.

აშშ-მა 5 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის 2 000 გასული 24 საათის განმავლობაში გამოიყვანეს. ვაშინგტონმა პასუხისმგებლობა აიღო, ქვეყნიდან გამოიყვანოს რისკის ქვეშ მყოფი 22 000 ავღანელი.