აშშ-ის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ერაყიდან სამხედროების გაყვანას ჯერ არ გეგმავენ
ამერიკის შეერთებული შტატები ერაყიდან სამხედროების გაყვანას ჯერ არ გეგმავს – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა განაცხადა. მარკ ესპერის თქმით, აშშ კვლავ მოწოდებულია ებრძოლოს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ერაყში, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად.
მანამდე, „როიტერმა“ და „ფრანს პრესმა“ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ერაყში ბაზირებული ამერიკელი საზღვაო ქვეითების გენერალმა, უილიამ სილიმ ერაყის გაერთიანებულ ოპერატიულ სარდლობას წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკელი სამხედროები ერაყიდან გასვლისთვის ემზადებიან. დასავლური მედია წერს, რომ წერილი ნამდვილია, თუმცა მოგვიანებით აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა წერილის არსებობა და გასვლის გადაწყვეტილება საერთოდ უარყო.
აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა, მარკ მილიმ თქვა, რომ გავრცელებული წერილი ცუდად შედგენილი პროექტი იყო და ერაყიდან გასვლა დაგეგმილი არ არის.
ერაყში ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ, ერაყის პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლითაც ქვეყნის მთავრობისგან მოითხოვს, რომ უცხო ქვეყნების ჯარებმა ერაყი დატოვონ.