აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ იოავ გალანტმა აშშ-ში ვიზიტი გადადო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბრინა სინგმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ახლახან შეგვატყობინეს, რომ მინისტრი გალანტი გადადებს თავის მოგზაურობას ვაშინგტონში. მდივანი ლოიდ ოსტინი მოუთმენლად ელოდება მასთან შეხვედრას. ოსტინს კარგი ურთიერთობა აქვს გალანტთან. ისინი რჩებიან მუდმივ კომუნიკაციაში, იქნება ეს აქ პირისპირ შეხვედრა, თუ სატელეფონო ზარები“, – განაცხადა სინგმა.
იოავ გალანტი შეერთებულ შტატებში უახლოეს საათებში უნდა გაფრენილიყო და შეხვედრები უნდა გაემართა თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანთან.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გალანტის ვიზიტს ბლოკავს, რადგან მას სურს, ჯერ ბაიდენთან ისაუბროს ისრაელის დაგეგმილი საპასუხო მოქმედების შესახებ ირანის წინააღმდეგ.