აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის დასახმარებლად 250 მილიონ დოლარს დახარჯავს
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი 2020 წელს უკრაინის დასახმარებლად 250 მილიონ დოლარს დახარჯავს.
ამის შესახებ საუბარია თავდაცვის დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში.
მათივე ცნობით, ეს თანხა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე დაიხარჯება, რათა ქვეყანამ რუსეთის აგრესიას უკეთ გაუწიოს წინააღმდეგობა.
აღნიშნული თანხიდან 121 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის რეფორმას მოხმარდება.
„უკრაინას გადავცემთ აღჭურვილობას, რათა მხარი დავუჭიროთ მიმდინარე წვრთნის პროგრამებს და ოპერაციულ მოთხოვნებს. ეს მოიცავს უკრაინის ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებასა და საზღვაო თავდაცვის გაძლიერებას, საჰაერო დაზვერვის სისტემებს, რათა ქვეყნის საჰაერო სივრცის მონიტორინგი განხორციელდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ აშშ უკრაინას გადასცემს „კონტრ საარტილერიო რადარებს და ტაქტიკურ აღჭურვილობას“.
როგორც პენტაგონში აცხადებენ, უკრაინა აშშ-ის „რუსეთთან სტრატეგიული კონკურენციის ფრონტის ხაზზე, კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად არის დახასიათებული“.
აშშ ასევე მოუწოდებს მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააძლიერონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა.
რელიზში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ამასთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინის მთავრობას მოუწოდებს, „გააგრძელოს ანტიკორუფციული და თავდაცვის სფეროს რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროატლანტიკურ პრონციპებს“.