აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში, ფოთის პორტში გემით 14 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა
ამერიკული პროგრამის „საკვები პროგრესისთვის“ ფარგლებში, ფოთის პორტში გემით 14 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხორბალი ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად.
გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს.
„ფოთის პორტში „ოუშენ გრანდ“ გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, რაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის” პროგრამის ნაწილია. აღნიშნული ტვირთი სამი გზავნილიდან პირველია, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად.
გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით, სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.