აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი - უნდა აღვადგინოთ სამართალდამცველების მიმართ საზოგადოების ნდობა
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მოქმედი მდივანი ჩად ვოლფი აცხადებს, რომ საზოგადოებასა და სამართალდამცველებს შორის საჭიროა ნდობის აღდგენა.
როგორც „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულება პოლიციის რეფორმის შესახებ სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
„ჩვენ უნდა აღვადგინოთ საზოგადოების ნდობა და კვლავ, პრეზიდენტი ამას მთელი რიგი ინიციატივებით აკეთებს.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ სამართალდამცველებს მივანიჭეთ რესურსი, ლიდერობა, წვრთნა, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი საქმის შესასრულებლად, რათა დაიცვან ამერიკის საზოგადოება. საუბარი არ არის პოლიციის დაფინანსების შემცირებაზე. საუბარია პოლიციისთვის იმ ინსტრუმენტებისა და რესურსების მინიჭებაზე, რომელიც მათ სჭირდებათ მათი კულტურის ცვლილებისთვის, რეფორმისთვის“, – განაცხადა ჩად ვოლფმა.
ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას პოლიციის რეფორმის შესახებ. რეფორმა სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენების წესებს ამკაცრებს. პოლიციას ეკრძალება ე.წ. „მახრჩობელა ილეთის“ გამოყენება. ამას გარდა, რეფორმის თანახმად, სამართალდამცველებს მოამზადებენ, რათა წაახალისონ მათ მიერ კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პრაქტიკის გამოყენება. ამასთან, გამკაცრდება პოლიციაში დასაქმებისას კანდიდატის ბიოგრაფიის შემოწმება.