აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი 10 აპრილს თანამდებობას დატოვებს
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი კირსტენ ნილსენი 10 აპრილს თანამდებობას დატოვებს. „როიტერის“ ინფორმაციით, ნილსენს გადადგომისკენ ქვეყნის პრეზიდენტმა მოუწოდა და მდივანი ტრამპის სურვილს დათანხმდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კირსტენ ნილსენთან უთანხმოება ჰქონდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს და ჯონ ბოლტონმა დონალდ ტრამპს ნილსენის თანამდებობიდან წასვლა ურჩია.
აშშ-ის პრეზიდენტი სამხრეთ საზღვარზე არსებული მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ ქვეყანა სავსეა და დემოკრატებმა კონგრესში კანონში არსებული ხარვეზები უნდა აღმოფხვრან. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, თუ მექსიკა მიგრაციული ნაკადის შესაჩერებლად ქმედით ღონისძიებებს არ გაატარებს, ვაშინგტონმა შესაძლოა, საზღვარი ჩაკეტოს ან ტარიფები დააწესოს.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოვალეობას ქვეყნის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი, კევინ მაკალენანი შეასრულებს.