აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა აქციის დაშლის შემდეგ დონალდ ტრამპთან ერთად გამოჩენის გამო ბოდიში მოიხადა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა აქციის დაშლის შემდეგ დონალდ ტრამპთან ერთად გამოჩენის გამო ბოდიში მოიხადა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი ვაშინგტონში საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ, ეკლესიაში დონალდ ტრამპთან ერთად მისვლას შეცდომას უწოდებს და ბოდიშს იხდის. ამის შესახებ სამხედრო მაღალჩინოსანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.

გენერლის თქმით, ფოტომ, სადაც ის დონალდ ტრამპთან ერთად ლაფაიეტის მოედანზე არის აღბეჭდილი, შექმნა შთაბეჭდილება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში სამხედროების შესაძლო ჩართულობასთან დაკავშირებით.

საუბარია პირველ ივნისს თეთრ სახლთან განვითარებულ მოვლენებზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბიბლიით ხელში ფეხით მივიდა წმინდა იოანეს ეკლესიაში. დონალდ ტრამპის თეთრი სახლიდან გასვლამდე ცოტა ხნით ადრე პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ დემონსტრანტები დაშალა.

„როგორც ბევრმა თქვენგანმა იხილა გასულ კვირას ლაფაიეტის მოედანზე ჩემი ფოტოს შედეგად წარმოიშვა ეროვნული დებატები სამოქალაქო საზოგადოებაში სამხედროების როლზე. მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი. ჩემმა იქ ყოფნამ იმ მომენტში და იმ გარემოში შექმნა საშინაო პოლიტიკაში სამხედროების ჩართულობის შთაბეჭდილება. უფლებამოსილი უნიფორმიანი ოფიცრისთვის ეს იყო შეცდომა, რომლიდანაც მე ვისწავლე და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ყველა ჩვენგანი შეძლებს სწავლას. ჩვენ, ვინც ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ტანსაცმელს, წარმოვადგენთ ჩვენი ქვეყნის ხალხს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ აპოლიტიკური არმიის პრინციპებს“, – განაცხადა გენერალმა, მარკ მილიმ.

სიტყვით გამოსვლისას გენერალმა მილიმ ასევე აღმაშფოთებელი უწოდა მინეაპოლისში ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას, რასაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები და არეულობა მოჰყვა.

მარკ მილის თქმით, პროტესტი გამოწვეული იყო ფედარკანიანებისადმი საუკუნოვანი უსამართლო დამოკიდებულებით.

გენერალ მარკ მილის მხარდაჭერა გამოუცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა.

„მე მხარს ვუჭერ წმიდა იოანეს ეკლესიაში პრეზიდენტის ბოლო ვიზიტთან დაკავშირებით მისი განცხადების როგორც არსს, ისე სულისკვეთებას“, – დაწერა ლინდსი გრემმა „ტვიტერში“.