აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის მიღება დაბლოკეს
ორშაბათს, 29 ნოემბერს აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებმა მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის მიღება დაბლოკეს – 100 ხმიდან საჭირო 60 ხმის მიღება ვერ მოხერხდა.
რესპუბლიკელთა უმცირესობის ლიდერმა მიტჩ მაქკონელმა ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ დემოკრატებმა უარი თქვეს პროექტში ცვლილებების შეტანაზე, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენისთვის სავალდებულო სანქციების შემოღებას ეხებოდა.
სენატში ამ მილსადენის მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ მას შეუძლია, ზიანი მიაყენოს აშშ-ის მოკავშირეებს. მაქკონელმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს უწოდა „გაზსადენი, რომელიც ევროპაში პუტინის შეჭრას უწყობს ხელს“.
დემოკრატმა სენატორმა ჩაკ შუმერმა თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის დაბლოკვა გააკრიტიკა და ოპონენტების ქმედებას „აუხსნელი დ აღმაშფოთებელი“ უწოდა. იმისათვის, რომ თავდაცვის ბიუჯეტის პროექტის სენატის კენჭისყრაზე გაიტანონ, დემოკრატებმა რესპუბლიკელების უმრავლესობის მხარდაჭერა უნდა მოიპოვონ.