აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

რეზოლუცია „უსაფრთხო, დემოკრატიულ და დამოუკიდებელ უკრაინას“ მხარდაჭერას უცხადებს და გმობს რუსეთის სამხედროების კონცენტრაციას უკრაინის საზღვართან.

„კონგრესი ერთიანია უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაში“, – განაცხადა სენატორმა რობ პორტმანმა დოკუმენტის წარდგენისას.

მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს პრეზიდენტ ბაიდენს, აშშ-ის მთავრობას ყველა არსებული ინსტრუმენტი გამოაყენებინოს რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ხარჯის დასაწესებლად და ევროპაში მშვიდობის აღსადგენად. ამასთან, ტექსტში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია არ უნდა იყოს წარმოჩენილი როგორც რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენების ან უკრაინაში აშშ-ის ძალების გაგზავნის ავტორიზაცია.

სენატორები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას შეუძლია, თავად დააწესოს სანქციები, კონგრესის ქმედებებისგან დამოუკიდებლად.

„კითხვა მდგომარეობს არა იმაში, ვუპასუხებთ თუ არა პუტინს, არამედ – როგორ ვუპასუხებთ მას“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

ჯინ შაჰინის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „რეზოლუციის დამტკიცება ადასტურებს ჩვენ ერთგულებას აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი მოკავშირეებისადმი მაშინ, როდესაც რუსეთი განაგრძობს თავის მავნებლურ გავლენას და ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენის მიზნისკენ სწრაფვას“.