აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების პაკეტი დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 79 სენატორმა 18-ის წინააღმდეგ. მხარდამჭერთა უმეტესობას დემოკრატები შეადგენენ.
პროცედურულად, კანონპროექტს ახლა ხელი უნდა მოაწეროს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, რათა კანონად დამტკიცდეს და ამოქმედდეს. როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის კანონპროექტს ხელს მიღებისთანავე მოაწერს.
„დღეს, შესაძლოა, ვლადიმერ პუტინმა ინანოს დღე, როდესაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის გადაწყვეტილება“, – აღნიშნა საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა.
სენატის მიერ დამტკიცებული პაკეტი აერთიანებს ოთხ კანონპროექტს, რომლებსაც წარმომადგენელთა პალატამ გასულ კვირას ცალ-ცალკე კანონპროექტებად დაუჭირა მხარი.
ოთხი კანონპროექტიდან ერთი ითვალისწინებს უკრაინის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას, მეორე კი – ისრაელის დახმარებას 26 მილიარდი დოლარის ოდენობით. მესამე კანონპროექტი მოიცავს 8,1 მილიარდ დოლარის გამოყოფას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონისთვის, რომელიც ძირითადად განკუთვნილია რეგიონში ჩინეთის აგრესიის შესაჩერებლად, განსაკუთრებით, ტაივანის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეოთხე კანონპროექტს, ის სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკის“ აკრძალვის შესაძლებლობას იძლევა, ასევე მოიცავს რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ და ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ.