აშშ-ის სენატმა თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა - უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების გაძლიერების საჭიროება საქართველოზე, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთსა და მოლდოვაზე ფოკუსირებით
აშშ-ის სენატმა 2024 ფისკალური წლის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა. ეროვნული თავდაცვის შესახებ კანონპროექტი 886 მილიარდი დოლარის მოცულობისაა, რაც გასულ წელთან შედარებით 3%-ით მეტია.
კენჭისყრისას თავდაცვის ბიუჯეტის გეგმას 87-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 13-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. პროექტი წარმომადგენელთა პალატას გადაეგზავნება, რომელიც მას სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში უყრის კენჭს.
აშშ-ის ეროვნული თავდაცვის კანონპროექტი უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
ამასთან, პროექტი ითვალისწინებს უკრაინის დახმარებისთვის სპეციალური ინსპექტორის ოფისის შექმნას, რომელიც ჩაატარებს უკრაინის სამხედრო და არასამხედრო დახმარებისთვის გათვალისწინებული ფონდების აუდიტსა და გამოძიებას. დოკუმენტში საუბარია ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, აშშ-ის ინტერესებშია, რომ ნატო-მ მიიღოს შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებული სტრატეგია. ასევე დოკუმენტში ნათქვამია, რომ უნდა შეფასდეს შავი ზღვის რეგიონის დახმარების ან მასთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება, უკრაინაზე, რუმინეთზე, ბულგარეთზე, მოლდოვასა და საქართველოზე ფოკუსირებით.
კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის ინტერესებშია მხარი დაუჭიროს ძალისხმევას, რათა თავიდან აიცილოს ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის გავრცელებას შავი ზღვის რეგიონის რუსეთის აგრესიის არენად აღიარებით.
როგორც თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში წერია, შავიზღვისპირა სახელმწიფოებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გადაწევად და ნატო-ს კოლექტიური საფრთხეების ხელშეწყობისთვის. რუსეთის ფედერაციის არაერთი უკანონო, არაპროვოცირებული და ძალადობრივი მცდელობა, გააფართოვოს თავისი ტერიტორია და კონტროლის წვდომა ხმელთაშუა ზღვაზე შავი ზღვის გავლით წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ნატო-სთვის.
აშშ გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, შეცვალოს შავი ზღვის რეგიონში საზღვრები ძალით ან ნებისმიერი საშუალებით, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და დააწესოს ამ რეგიონში გავლენის სფერო. აშშ გმობს რუსეთის არალეგიტიმურ ტერიტორიულ პრეტენზიებს, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულზე, შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში უკრაინის ტერიტორიულ წყლებზე, შავ ზღვაში საერთაშორისო წყლებზე და უკრაინაში უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიბზე.
აშშ-მა უნდა გააგრძელოს ნატო-სთან და ალიანსის მოკავშირეებთან მუშაობა, რათა შეიმუშავოს გრძელვადიანი სტრატეგია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასწვრივ უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მუდმივი და მდგრადი წარმომადგენლობის ჩამოსაყალიბებლად და რეგიონში მისი მოკავშირეებისა და პარტნიოების დემოკრატიული მედეგობის გასაძლიერებლად.
აშშ-მა უნდა განიხილოს, უნდა იმუშაოს თუ არა ნატო-ს შიგნით და ნატო-ს მოკავშირეებთან შავ ზღვაში რეგულარული, როტაციული განთავსების შესამუშავებლად. ამასთან, აშშ-მა უნდა იმუშაოს ევროკავშირთან სტრატეგიის კოორდინაციას დემოკრატიული ინიციატივებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის მხარდასაჭერად რეგიონში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ორ წევრს და ევროკავშირის ასპირანტ ოთხ ქვეყანას. აშშ-მა ასევე უნდა იმუშავოს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის დიალოგის ხელშესაწყობად კომუნიკაციის და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების გასაუმჯობესებლად და კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
დოკუმენტის თანახმად, ქვეყნები, რომლებსაც რუსეთთან ისტორიული და ეკონომიკური კავშირები აქვთ, ელოდებიან აშშ-სა და ევროპისგან რეგიონში პოზიტიურ ეკონომიკურ წარმომადგენლობას, როგორც რეგიონზე რუსეთის ფედერაციის საზიანო გავლენის საპირწონეს. აშშ-ის ინტერესებშია, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები შავი ზღვის სახელმწიფოებთან.