აშშ-ის სენატმა შავ ზღვაში რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო რეზოლუცია დაამტკიცა
აშშ-ის სენატში შავ ზღვაში რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო რეზოლუცია დაამტკიცეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ამერიკელი კანონმდებლები შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფას და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის გაუქმებას ითხოვენ. დოკუმენტის თანაავტორი 70 სენატორია. მათ შორის არიან დემოკრატები და რესპუბლიკელებიც.
დოკუმენტში კანონმდებლები მოუწოდებენ აშშ-ის პრეზიდენტს, გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა უსაფრთხოების სფეროში.
ამას გარდა, სენატორები მოუწოდებენ ტრამპს, დაუყოვნებლივ გაიმართოს აშშ-ისა და მოკავშირეების ერთობლივი მრავალეროვნული ოპერაცია, რაც შავ ზღვაში თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. მათივე თქმით, ამ ოპერაციის მიზანი უნდა იყოს საერთაშორისოდ დადგენილი საზღვრებისადმი და ქერჩის სრუტეში ხომალდების უსაფრთხო გადაადგილების პრინციპისადმი მხარდაჭერის გამოხატვა.
სენატორები მოუწოდებენ ნატო-ს, გააფართოვოს სამხედრო წარმომადგენლობა შავ ზღვაში.
„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რაც რუსეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, კვლავ ძალაში რჩება და ძლიერდება, ვიდრე რუსეთის ქცევა არ შეიცვლება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამერიკელი კანონმდებლები ასევე მხარს უჭერენ ევროპარლამენტის რეზოლუციას და მოითხოვენ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობის შეჩერებას.