აშშ-ის სენატმა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით კანონპროექტი დაამტკიცა. მანამდე, ამერიკის შეერთებული შტატების ზედა პალატაში უარყვეს ამავე საკითხთან დაკავშირებით, დემოკრატების კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში წინა დღეს დაამტკიცეს.
სენატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების და მექსიკის საზღვარზე მყოფი მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. თუმცა,დემოკრატების მიერ დამტკიცებული კანონპროექტისგან განსხვავებით, დოკუმენტი თანხის გამოყენებასთან დაკავშირებით გაცილებით ნაკლებ აკრძალვებს შეიცავს.
ახლა აშშ-ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს პალატებში მიგრანტებისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით ერთ კანონპროექტზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც კვირის ბოლოს დონალდ ტრამპს ხელმოსაწერად გადაეცემა.
აშშ-ში მიგრაციულ კრიზისთან დაკავშირებით დებატები მას შემდეგ განახლდა, რაც მდინარე რიო გრანდეში მიგრანტი მამა-შვილი დაიღუპა. ფაქტის ამსახველმა ფოტომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. 25 წლის სალვადორელი ოსკარ მარტინესი და მისი ორი წლის შვილი მდინარეში აშშ-ში მოხვედრის მცდელობის დროს დაიხრჩვნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო კონტროლის სტატისტიკის თანახმად, 2018 წელს ქვეყნის სამხრეთი საზღვრის არალეგალურად გადაკვეთის დროს 300-მდე ადამიანი დაიღუპა. 2019 წლის ეს მაჩვენებელი კი, უკვე 170 აღწევს, მათგან 13 ბავშვია.