აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა
აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი, ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ჩაკ შუმერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როგორც ისრაელის უწყვეტი მხარდამჭერისთვის, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობა აღარ შეესაბამება ისრაელის საჭიროებებს“, – განაცხადა შუმერმა.

შუმერის თქმით, პატივს სცემს ბენიამინ ნეთანიაჰუს „არაჩვეულებრივ ვაჟკაცობას ბრძოლის ველზე“ და მიიჩნევს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ისრაელის უსაფრთხოებაა, თუმცა ნეთანიაჰუმ საკუთარი გზა დაკარგა.

„მჯერა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საკუთარი გზა დაკარგა იმით, რომ თავისი პოლიტიკური გადარჩენა ისრაელის ინტერესებზე უპირატესი გახადა“, – აღნიშნა შუმერმა.

შუმერმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელელებმა უნდა განიხილონ, შეცვალონ თუ არა კურსი, რომელიც აქვს ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლისას და აღნიშნა, რომ ახალი არჩევნები არის ამის გზა.

„მჯერა, ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რათა მოხდეს ჯანსაღი, ღია გადაწყვეტილების მიღების პროცესი ისრაელის მომავლის შესახებ იმ დროს, როდესაც ამდენმა ისრაელელმა დაკარგა ნდობა მთავრობის ხედვისა და მიმართულების მიმართ“, – განაცხადა შუმერმა.