აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თურქეთისთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, აშშ თურქეთისთვის F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მიყიდვას თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების საპასუხოდ დათანხმდა.
შეთანხმება მოიცავს თურქეთში არსებული 79 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მოდერნიზაციასაც.
„ჩვენი თანხმობა თურქეთის თხოვნაზე F-16-ის ტიპის თვითმფრინავების შეძენის თაობაზე დამოკიდებული იყო თურქეთის მიერ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებაზე, თუმცა ეს არ იყო გადაწყვეტილება, რომელიც მარტივად მივიღეთ“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა.
მისი თქმით, თურქეთში ადამიანის უფლებების კუთხით მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს. ასევე, მეტი უნდა გაკეთდეს, რათა რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისროს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის.
„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს განუცხადა, რომ ამასთან ერთად დაამტკიცეს საბერძნეთისთვის 40 F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის მიყიდვა, რომლის ღირებულებაც 8,6 მილიარდი დოლარია.
შეგახსენებთ, გასულ წელს აშშ-მა დაამტკიცა უკრაინაში ამერიკული წარმოების F-16-ის ტიპის ავიაგამანდგურებლების გადაცემა დანიიდან და ნიდერლანდებიდან მას შემდეგ, რაც უკრაინელი მფრინავები მათ სამართავად სრულ მომზადებას გაივლიან.