აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, კანონპროექტში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება რუსული „ეს-400-ების“ შეძენას და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებულ ოპერაციას უკავშირდება.
ახლა კანონპროექტი ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს, რის შემდეგ მას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. ამის შემდეგ კანონი ძალაში შევა.
ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში, ოფიციალური ანკარა აშშ-სთვის ანჩირლიკის ავიაბაზის დახურავს.