აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა, დოკუმენტში საქართველოზეც არის საუბარი
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ინიცირებული ზომები ე.წ. „ჯოჯოხეთის სანქციების“ სახელით არის ცნობილი. დოკუმენტში საუბარია საქართველოსა და უკრაინაზეც.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი კომიტეტის 17-მა წევრმა დაუჭირა მხარი, ხუთმა ხმა წინააღმდეგ მისცა. მოწინააღმდეგეებს შორის კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკელი ჯიმ რიშია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის უყრიან პროექტს კენჭს სენატის პლენარულ სხდომაზე. პრეზიდენტთან ხელმოსაწერად გადაგზავნამდე დოკუმენტმა კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის სახელწოდებაა „ამერიკული უსაფრთხოების კრემლის აგრესიისგან დაცვის 2019 წლის აქტი“ (Defending American Security from Kremlin Aggression Act of 2019, DASKA). მისი ინიციატორები რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი არიან. კანონპროექტი დონალდ ტრამპს მოსკოვის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებისკენ მოუწოდებს აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისა და სირიის ომში ჩართულობისთვის. დოკუმენტი ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის სახელმწიფო ვალის, კიბერსფეროს, ენერგოსექტორისა და საბანკო სფეროს წინააღმდეგ.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუწოდოს რუსეთს, დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას, შეწყვიტოს პრორუსული ძალების ძალადობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვას ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, დოკუმენტის ავტორები გამოდიან ინიციატივით, რომ რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდიდან თანხები დაიხარჯოს ევროპისა და აზიის იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთის მავნე ზეგავლენის წინაშე მოწყვლადები არიან. აღნიშნული ფონდის თანხა უნდა მოხმარდეს ამ ქვეყნებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და საარჩევნო მექანიზმის კიბერთავდასხმებისგან დაცვას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის გაძლიერებას, ასევე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რუსეთის შეჭრითა და ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობაზე რეაგირებას.