აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტთან“ დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი „ქართველი ხალხის აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობის შესაძლებლობის შესაზღუდად საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებული უცხოური აგენტების კანონპროექტის საპასუხოდ, აშშ-ის სენატორმა, ბენ კარდინმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯინ შაჰინმა, სენატორებმა ჯიმ რიშმა, პიტ რიკეტსმა, კრის კუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებისა და პირებისთვის კორუფციისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის და უცხოური აგენტების კანონის წინ წაწევის ან მისი დამტკიცების ხელშეწყობის ძალისხმევისთვის. კანონპროექტი განამტკიცებს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომელიც დიდი უმრავლესობით მხარს უჭერს უფრო დემოკრატიულ ევროატლანტიკურ მომავალს“, – ნათქვამია სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, „ქართველი ხალხის აქტი“ ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება:
პირველ ნაწილში მოყვანილია ის შედეგები, რომლებიც დაეკისრებათ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელის შეშლაზე. მათ შორის, დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, დაუწესოს სამოგზაურო შეზღუდვები ქართველ ფიზიკურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს უცხოური აგენტების კანონის ხელშეწყობასა და მხარდაჭერაში მონაწილეობისთვის; ახალი სანქციების დაწესებას იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საქართველოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე; ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისგან მოითხოვს, დაუწესდეს სანქციები იმ ქართველ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და კორუფციაზე. აქტის პირველი ნაწილი ასევე მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით, მათ შორის, გადაიხედოს სამხედრო დახმარება და მოითხოვს აშშ-ის მთავრობისგან, შეაჩეროს ყველა სახის დაფინანსება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. აქტი ასევე მოიცავს აშშ-საქართველოს სტრატეგიული დიალოგის მუდმივად შეჩერების მოწოდებას.
„ქართველი ხალხის აქტის“ მეორე ნაწილი ხაზს უსვამს აშშ-ის სენატის ვალდებულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პროექტების მხარდასაჭერად გასცემს, სულ მცირე, 50 მილიონი დოლარის გამოყოფის ნებართვას. ასევე, აქტი მოითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტისგან და USAID-სგან, განსაზღვრონ, თუ როგორ შეიძლება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საუკეთესო გზით მხარდაჭერა ბოლო მოვლენების გათვალისწინებით. აქტი ასევე ითხოვს ორი ანგარიშის წარდგენას, რათა შეფასდეს საქართველოში უცხოური მავნე გავლენის მასშტაბი და ქართველი პოლიტიკური პატიმრების მხარდაჭერის ძალისხმევა.