აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს
აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მოუსმინეს

აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ემი კონი ბარეტს მოუსმინეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი კონგრესმენთა კითხვებს პასუხობდა.

„მე წარმადგინეს მოსამართლე გინსბურგის სავარძელზე. ვერავინ დაიკავებს მის ადგილს. სამუდამოდ მადლიერი ვიქნები იმ კვალისთვის, რომელიც მან დატოვა და ცხოვრებისთვის, რომელიც მან განვლო“, – განაცხადა ბარეტმა მისასალმებელ სიტყვაში.

„სიენენის“ ინფორმაციით, მოსმენის დროს, რესპუბლიკელმა სენატორებმა ვრცლად ისაუბრეს ბარეტის მიღწევებსა და გამოცდილებაზე. დემოკრატები კი შიშობენ, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შემოღებული ჯანდაცვის პროგრამა, „ობამაქეარი“ გაუქმდება.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს ცხრა მუდმივი მოსამართლე ჰყავს და მათ დადგენილებებს საზოგადოებრივი პოლიტიკის განსაზღვრა შეუძლია. მათ შორის, იარაღის, აბორტის უფლების, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ამჟამად წევრებს შორის ძალთა ბალანსი 5/3-ზეა კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლეების სასარგებლოდ. სასამართლოში ერთი ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გასულ თვეში, 87 წლის ასაკში, ლიბერალური შეხედულებების მქონე მოსამართლე რუთ გინსბურგი გარდაიცვალა. დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, უზენაეს სასამართლოში ძალთა თანაფარდობა 6/3-ზე გახდება.

48 წლის ემი ბარეტის კანდიდატურას კენჭს მოსმენის დასრულების შემდეგ უყრიან. სენატს მის დასამტკიცებლად ხმათა 51 პროცენტი სჭირდება. უმრავლესობაში მყოფ რესპუბლიკელებს კი აღნიშნული ხმები უკვე გარანტირებული აქვთ. ბარეტის დამტკიცების შემთხვევაში, ის უზენაესი მოსამართლის მანტიას სამუდამოდ მოირგებს.