აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - რომელ შტატებში ითვლიან ხმებს
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები - რომელ შტატებში ითვლიან ხმებს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლის პროცესი ექვს შტატში გრძელდება.

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ცნობით, ბიულეტენებს ითვლიან ალასკაზე, სადაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს. ტრამპს „დემოკრატ“ ოპონენტთან შედარებით, 54 610-ით მეტი ხმა აქვს.

ტრამპი ასევე იმარჯვებს ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 76 673 ხმით ჩამორჩება. დანარჩენ სამ შტატში – ნევადაში, ჯორჯიაში, პენსილვანიასა და არიზონაში აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი ლიდერობს. ნევადაში ბაიდენი 20 137 ხმით იგებს, არიზონაში 39 400 ხმით, პენსილვანიაში 14 541 ხმით, ხოლო ჯორჯიაში 4 235 ხმით.

ხმების დათვლის პროცესი ოლქებმა 13 ნოემბერს უნდა დაასრულონ, ხოლო 20 ნოემბერს შტატებმა საბოლოო შედეგები უნდა გამოაცხადონ.

თუმცა, არაა გამორიცხული, პროცესი გაჭიანურდეს. ამის მიზეზი ფოსტით მიღებული ბიულეტენებია, რომელთა რაოდენობა, წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, რეკორდულია.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები უნიკალური სისტემით იმართება, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულის ვინაობას საარჩევნო კოლეგიების წევრები განსაზღვრავენ. სულ საარჩევნო კოლეგიაში 538 წევრია. თითოეული შტატის საარჩევნო კოლეგიაში წევრების სხვადასხვა რაოდენობაა. მაგალითად, კალიფორნიაში 55, ფლორიდაში – 29 და ა.შ.

საარჩევნო კოლეგიების ხმებს ის კანდიდატი იღებს, რომელიც თითოეულ შტატში ამომრჩეველთა მეტ ხმას დააგროვებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ამჟამად 50 შტატიდან 44-ში ხმების უმეტესობა დათვლილია და წინასწარი მონაცემებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 253 წევრის ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს 214-ი.

დარჩენილი ექვსი შტატიდან, სადაც ხმებს ჯერ კიდევ ითვლიან, საარჩევნო კოლეგიის ყველაზე მეტი 20 წევრი პენსილვანიაშია. შესაბამისად, თუ ჯო ბაიდენმა ამ შტატში გამარჯვებას მიაღწია, მაშინ ის 270 ხმას მიიღებს და აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდება.

რაც შეეხება სხვა შტატებს, ჯორჯიაში გამარჯვებული საარჩევნო კოლეგიის 16 ხმას მიიღებს, ჩრდილოეთ კაროლინაში 15 ხმას, ნევადაში ექვს ხმას, ალასაკაზე სამს, ხოლო არიზონაში 11-ს.

პრეზიდენტის თანამდებობის მეორედ დაკავებისთვის ტრამპმა სულ მცირე ოთხ შტატში უნდა გაიმარჯვოს.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ რამდენიმე შტატში ხმების დათვლის პროცესის დროს დარღვევები დაფიქსირდა, რასაც მისი გუნდი სასამართლოში გაასაჩივრებს. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდეს.

ტრამპი ამტკიცებს, რომ რამდენიმე უბანზე დამკვირვებლებს ხმების დათვლის პროცესის მონიტორინგის საშუალება არ აქვს. ის ასევე ამტკიცებს, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა თაღლითობის საფრთხეს შეიცავს. თუმცა, ამის დამამტკიცებელი საბუთები ტრამპს არ წარმოუდგენია.

ზოგიერთ შტატში ტრამპის ადვოკატები ხმების გადათვლას ითხოვენ. ასეთია, მაგალითად, ჯორჯია.

აშშ-ის კანონმდებლობით, საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს და ოფიციალურად აირჩიოს პრეზიდენტი. ეს დიდწილად ფორმალური პროცედურაა, სადაც დელეგატები არჩევნების შედეგებს აფორმებენ.

აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაცია, როგორც წესი, იანვრის ბოლოს იმართება.