რუსეთმა ქვეყნიდან ათი ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთმა ქვეყნიდან ათი ამერიკელი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სერბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან გამართულ ერთბლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„10 დიპლომატი შეიყვანეს სიაში, რომელიც გადმოგვცეს თხოვნით, რომ მათ აშშ დატოვონ. ჩვენ ამ ზომას სარკისებურად ვუპასუხებთ. ასევე, შევთავაზებთ რუსეთში აშშ-ის 10 დიპლომატს, დატოვონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, რუსეთი „შავ სიაში“ შეიყვანს რვა ამერიკელ მაღალჩინოსანს.
რუსი დიპლომატის თქმით, რუსეთი აამოქმედებს პროცედურას, რომელიც შეწყვეტს რუსეთში ამერიკულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში რუსეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეების აყვანის პრაქტიკას. ასევე, შეწყდება სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლების რუსეთში, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოკლევადიანი მივლინებებით ულიმიტო მოგზაურობის პრაქტიკას. გარდა ამისა, ამერიკელ დიპლომატებს რუსეთში შეეზღუდებათ მათი ბაზირების ქალაქების გარეთ წინასწარი შეტყობინების გარეშე გასვლა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მოსკოვი ასევე შეზღუდავს ქვეყანაში ამერიკული ფონდებისა და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც მისი თქმით, პირდაპირ ერევიან რუსეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში.
სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსეთში აშშ-ის ელჩს, ჯონ სალივანს ურჩია, გაემგზავროს ვაშინგტონში კონსულტაციების გასამართად.
სერგეი ლავროვმა აშშ-ის მიერ გამოცხადებულ სანქციებს არამეგობრული ქმედებები უწოდა და განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის მიერ დამტკიცებულ საპასუხო ზომებს საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს გამოაქვეყნებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. აშშ-მა სანქციები დაუწესა 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირს 2020 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობისთვის. ასევე, შეზღუდვები დაწესდა რუსეთის სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოცემული ობლიგაციების შეძენაზე. აშშ ქვეყნიდან 10 რუს ჩინოვნიკს აძევებს. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, ავსტრალიასთან და კანადასთან პარტნიორობით, სანქციები დაუწესა რვა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ ყირიმში რუსეთის მიმდინარე ოკუპაციასა და რეპრესიებთან.