აშშ-ის სანგამონის ოლქის შერიფის მოადგილე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
აშშ-ში, შავკანიანი ქალის მკვლელობის ბრალდებით, სანგამონის ოლქის შერიფის მოადგილეს პატიმრობა შეეფარდა.
აშშ-ის ილინოისის შტატის პოლიციამ გამოაქვეყნა სამხრე კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს შერიფის მოადგილის მიერ შავკანიანი ქალის მოკვლის მომენტი.
შემთხვევა 6 ივლისს, დაახლოებით შუაღამით მოხდა. მომხდარის გამო სანგამონის ოლქის შერიფის მოადგილე შონ გრეისონი პოლიციიდან დაითხოვეს და პირველი ხარისხის მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. მას პატიმრობა აქვს შეფარდებული გირაოს უფლების გარეშე.
აღნიშნული დანაშაული 45-წლიან ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
როგორც მედია წერს, 36 წლის სონია მეისიმ საგანგებო სამსახურს დახმარების თხოვნით თავად მიმამრთა. მან პოლიცია გამოიძახა, რადგან სახლთან, სავარაუდოდ, მძარცველი იმყოფებოდა. ადგილზე მისულმა ორმა სამართალდამცველმა, რომელთაგან ერთ-ერთი შონ გრეისი იყო, მეისის სახლის გარშემო ტერიტორია და მიმდებარე ეზოები შეამოწმეს, რის შემდეგაც საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და ქალს ანგარიშის შესადგენად პირადობის დამადასტურებელი მოწმობა სთხოვეს.
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ვიდრე სონი მეისი ჩანთაში საბუთს ეძებდა, გრეისონმა ღუმელზე მდგარი ქვაბისკენ მიუთითა და თქვა, რომ მათ არ სჭირდებათ ცეცხლი, ვიდრე იქ იმყოფებიან. ქალი ქურასთან მივიდა და ქვაბი აიღო, რა დროსაც შერიფის მოადგილე მოშორებით, გასასვლელისკენ გაიწია. ქალის კითხვაზე, თუ სად მიდიოდა, პოლიციელმა უპასუხა: „შენი ცხელი ქვაბისგან მოშორებით“. ამის შემდეგ ქალმა მოულოდნელად ორჯერ თქვა: „გგმობ იესოს სახელით“. ამაზე პასუხად გრეისონმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. „უმჯობესია, ეს არ გააკეთო ან ღმერთს ვფიცავარ, სახეში გესვრი“, – ისმის შერიფის მოადგილის ხმა, რომელიც თან უცენზურო სიტყვებს იყენებს. მან რამდენჯერმე უთხრა მეისის, რომ ქვაბი დაედგა, რაზეც ქალმა ბოდიში მოიხადა და დაიხარა. შემდეგ გრეისონი სამჯერ ისვრის, ერთი ტყვია მეისის თავის არეში მოხვდა.
სონია მეისი ორი შვილის დედა იყო. ის უმუშევარი იყო და ფსიქიკური პრობლემების გამო მკურნალობის კურსს გადიოდა. მისი ადვოკატის თქმით, ამით შეიძლება აიხსნებოდეს ქალის უცნაური მიმართვა სამართალდამცველის მიმართ.
30 წლის შონ გრეისონი ილინოისის პოლიციის რიგებს 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა.