აშშ-ში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან
აშშ-ში 12-დან 15 წლამდე მოზარდებს „ფაიზერის“ ვაქცინით აცრიან

ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და მედიკამენტის ადმინისტრაციამ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ შექმნილი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენების უფლება გასცა. სავარაუდოდ, შეერთებული შტატები 12-დან 15 წლამდე მოზარდების აცრას ხუთშაბათიდან დაიწყებს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

მანამდე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 16 წლის ასაკიდან იყო დაშვებული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.

„თუ თქვენ ხართ მშობელი, რომელსაც სურს შვილის დაცვა ან თინეიჯერი, რომელიც დაინტერესებულია, რომ აცრა გაიკეთოს, დღევანდელი გადაწყვეტილება ამ მიზნისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებულ შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში მოსახლეობის 46 პროცენტს ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაკეთებული აქვს.