აშშ-ის საკრუიზო ლაინერზე წითელას შემთხვევის დაფიქსირების გამო, კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სენტ-ლუისის კუნძულებზე არსებული ამავე სახელწოდების ქვეყნის მთავრობამ მიიღო. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
საკრუიზო ლაინერი „ფრივინდსი“ სწორედ კარიბის ზღვის ამ კუნძულზე აპირებდა გაჩერებას. თუმცა, ბორტზე მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების აღმოჩენის შემდეგ, გემზე მყოფ პირებს ბორტის დატოვება აუკრძალეს. მედიის ცნობით, ბორტზე 300-მდე ადამიანი იმყოფება.
როგორც ცნობილია, საკრუიზო ლაინერი საიენტოლოგების ეკლესიის წარმომადგენლებს ეკუთვნით.
კუნძულოვანი ქვეყნის მთავარი სამედიცინო ექსპერტის განმარტებით, ბორტზე წითელას ვირუსის არსებობა გემის ექიმმა დაადასტურა. კარანტინის გამოცხადების გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღეს. რაც შეეხება ლაინერზე წითელათი დაინფიცირებულ პირებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
სენტ-ლუისის მთავრობის გადაწყვეტიულება აშშ-ში არსებულ ვითარებასაც უკავშირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო 25 წლის განმავლობაში წითელათი დაინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. რამდენიმე რეგიონში ამის გამო საგანგებო მდგომარეობაც კი იყო გამოცხადებული.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 2019 წლის პირველ თვეებში 22 შტატში მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადების 700 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.