აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი - ვცდილობთ, სომხეთმა მიიღოს რეალური გადაწყვეტილება და რუსეთის ფედერაციის საპირწონედ, გახდეს ჩვენი პარტნიორი
ჩვენ ვცდილობთ, სომხეთმა მიიღოს რეალური გადაწყვეტილება და გახდეს ჩვენი პარტნიორი რუსეთის ფედერაციის საპირწონედ, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მთიანი ყარაბაღის ვითარების შესახებ მოსმენისას, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა, იური კიმმა განაცხადა.
კიმმა აღნიშნა, რომ 2022 წლის თებერვლის შემდეგ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს „გახელილი თვალებით სძინავთ“, რაც სავსებით ლოგიკურია.
„ყველა ხვდება, როდესაც ხედავს რუსეთის მიერ მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობის ასეთ აშკარა გამოვლინებას, რომ საეჭვოა მათი ქვეყნების ტერიტორიებზე რუსული ჯარების მოწვევა, ასევე, საეჭვოა რუსეთზე, როგორც ენერგიის ერთადერთ მიმწოდებელზე დაყრდნობის საკითხი და მათ მიწებზე რუსული სამხედრო ყოფნის დაშვების საკითხი. ეს ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ განვავითაროთ ურთიერთობა ამ ქვეყნებთან. ჩვენი ჯარები სომხეთში იმყოფებიან, რათა პირველად ჩაატარონ ორმხრივი წვრთნები და ჩვენ გავაგრძელებთ ამ სიტუაციით სარგებლობას“, – განაცხადა კიმმა.
კითხვაზე – სურს თუ არა სომხეთს, აიძულოს რუსეთი, გააქტიურდეს მთიან ყარაბაღში, თუ მას რუსეთთან დაშორება სურს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ადრეა და აშშ რუსეთის საპირწონედ რეალურ პარტნიორად უნდა იქცეს სომხეთისთვის.
„ჯერ ადრეა ამის თქმა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა ვეცადოთ სიტუაციის იქამდე მიყვანას, რომლისკენაც მივისწრაფვით და ეს არის რეალური გადაწყვეტილება, გახდეთ ჩვენი პარტნიორი რუსეთის საპირწონედ, მაგრამ ამის მისაღწევად ჩვენ იქ უნდა ვიყოთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი მხარდაჭერა სომხეთისადმი და ჩვენი პარტნიორობა სომხეთთან“, – უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
სენატორმა პეტ რიკეტსმა რუსეთზე სომხეთის დამოკიდებულების გათვალისწინებით ეკონომიკურ, სამხედრო და სხვა ასპექტებში, ასევე იკითხა: „არის თუ არა რაიმე შეშფოთება, რომ თუ სომხეთი დასავლეთისკენ სვლას განაგრძობს, რუსეთი იძულებით ზომებს მიმართავს?“
„პუტინმა და რუსეთმა დაამტკიცეს, რომ ისინი შურს იძიებენ ყველაზე, ვინც მათ ნებას არ დაემორჩილება. დიახ, ჩვენ ძალიან ფხიზლად ვართ ამ მხრივ. ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ პარალელურად, სომხეთს უნდა გავუზარდოთ მხარდაჭერა, როგორც მისი (სომხეთის) განვითარებისთვის, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის მიმართ, სომხეთისთვის მისაღები გზით, რათა სომხეთმა გააკეთოს ის, რაც მას სურს“,- განაცხადა კიმმა.