აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც საჯაროდ გაუწია წინააღმდეგობა ჩინეთისა და რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიაზე გავრცელებულ ტყუილს
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, რომელმაც საჯაროდ გაუწია წინააღმდეგობა ჩინეთისა და რუსეთის მიერ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ტყუილს, – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯორჯ კენტმა, მარშალის ფონდის მიერ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„აშშ-ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში წლების წინ დაბანდებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტიაცია უკავშირდება სადიაგნოსტიკო ლაბორატორიების ინფრასტრუქტურას, რათა საშიში დაავადებების გამოვლენა მოხერხდეს. მათ ადგილზე უკეთ იცნობენ, როგორც ლუგარის ლაბორატორიებს, რადგან საქართველოში ამ ლაბორატორიას ყოფილი ამერიკელი სენატორის სახელი უწოდეს. ახლა თუ გადახედავთ ამ ქვეყნებს და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთს, უკრაინას, აზერბაიჯანს, იმ ლაბორატორიებს, სადაც ატარებენ ტესტირებას და ხდება „კოვიდ-19“-ის გამოვლენა, ნახავთ, რომ ეს ინფრასტრუქტურა 10 წლის წინ აშენდა აშშ-ის დაფინანსებით“,- განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, „სამწუხაროდ იმ პირობებშიც კი, როდესაც მთელი მსოფლიო ცდილობს საერთაშორისო თანამშრომლობას, რუსეთის ტრადიციული დეზინფორმაციული კამპანია ლუგარის ლაბორატორიების წინააღმდეგ არ შეჩერებულა“.
„მეტიც, ის გრძელდება და ფართოვდება. ეს დეზინფორმაციული კამპანია უკვე ეხება სომხეთსა და უკრაინაში მდებარე ლაბორატორიებს. ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკური მარიონეტები და კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია ამ ტყუილების გავრცელებას აგრძელებს. ასევე სამწუხაროა, რომ ჩინეთი იმეორებს რუსეთის ამ გზავნილებს და გააძლიერა რუსეთის დეზინფორმაციული კამპანია, რომლიც მიმართულია იმ ლაბორატორიების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან ამ ქვეყნებს „კოვიდ-19“-თან გამკლავებაში“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.
მისივე განცხადებით, დეზინფორმაციის და მავნე ინფორმაციის გამოვლენა ამ ეპოქის გამოწვევაა, რომელიც მთელ მსოფლიოს ეხება.
„აშშ-ის სტრატეგიული მიზნები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში უცვლელია. ჩვენ გვსურს, რომ ამ პროგრამის მონაწილე ექვსივე ქვეყანამ, დემოკრატიული და ანგარიშვალდებული სახელმწიფოს მშენებლობაში წარმატებას მიაღწიონ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რომ მათ შეძლონ გარედან მომავალი აგრესიისთვის და მავნე ზეგავლენისთვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელიც განსაკუთრებით მოდის რუსეთიდან და ასევე ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევა თავად უნდა შეეძლოთ. ჩვენ ასე ვიქცევით, რადგან ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია და გაწერილია ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“, – განაცხადა ჯორჯ კენტმა.
რამდენიმე დღის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-ის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე კვლევითი ლაბორატორიები აქვს, რაც, მათივე თქმით, ზოგიერთ მეზობელ ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს. ამგვარად, პეკინში დაეთანხმნენ რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერ მარია ზახაროვას ანალოგიური შინაარსის განცხადებას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს და შეეხო ლუგარის ლაბორატორიას. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომელსაც სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა ჩინეთის მედიასაშუალებებში.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ იგი ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები.