აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე - აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ რიკერის თქმით, აშშ საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშში.

„30-მა ქვეყანამ შეიტანა წვლილი ე.წ. პრაღის წინადადებაში, რათა შეიქმნას უსაფრთხო 5G ქსელის ინფრასტრუქტურა და არ იყოს გამოყენებული მომწოდებლები ავტორიტარული ქვეყნებიდან ისეთის, როგორიცაა ჩინეთის კომუნისტური პარტია. 5G-სთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება იგეგემება უკრაინასთან, საქართველოსთან და სერბეთთან, რათა ამ პარტნიორმა სახელმწიფოებმა იკისრონ ვალდებულება, რომ ისინი თავს შეიკავებენ აკრძალული ტექნოლოგიების გამოყენებისგან“, – განაცხადა რიკერმა.

ე.წ. პრაღის წინადადება 2019 წლის მაისში წარადგინეს. ინიციატივას 32 ქვეყანა შეუერთდა. მათ შორისაა აშშ, გერმანია, იაპონია და ავსტრალია. წინადადების მიზანია, მეხუთე თაობის მობილური ინტერნეტ ქსელის მოწყობისას თავიდან იყოს აცილებული თანამშრომლობა ისეთ მომწოდებლებთან, რომლებიც კონკრეტული სახელმწიფოების გავლენის ქვეშ იმყოფებიან.

კერძოდ, საუბარია ჩინურ კომპანიებზე „ჰუავეი“ და ZTE. აშშ-ში მიჩნიათ, რომ ამ კომპანიებს ჩინეთის მთავრობა აკონტროლებს და მათი გამოყენებით პეკინისთვის ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებისა და კომპანიების მონაცემები.

2017 წლიდან ჩინეთში მოქმედებს კანონი, რომელიც ყველა კომპანიას ავალდებულებს, საჭიროების შემთხვევაში, დაეხმარონ მთავრობას ეროვნული დაზვერვის საკითხებში. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს რეგულაცია მისცემს საშუალებას პეკინს, 5G ქსელი ჯაშუშობისთვის გამოიყენოს.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე თაობის ინტერნეტის გაშვებას ქართული სატელეკომუნიკაციო კომპანიები ჯერ არ აპირებენ.