აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან საუბრისას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას გაუსვა ხაზი
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანთან, სტეფანო სანინოსთან სატელეფონო საუბრისას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას გაუსვა ხაზი. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შემანი დღეს ესაუბრა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ მდივანს სტეფანო სანინოს და მათ გააგრძელეს მჭიდრო კოორდინაცია საერთო გამოწვევების ფართო სპექტრთან დაკავშირებით, მათ შორის უკრაინის მხარდაჭერის და უკრაინაში სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხთან დაკავშირებით. მათ განიხილეს ერთობლივი ძალისხმევა უკრაინის ეკონომიკური და ფინანსური მდგრადობის გასაძლიერებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მან შეძლოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი, რათა მსოფლიოს მიაწოდოს სურსათის კრიტიკული მარაგი. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზი გაუსვა აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.